Thursday, April 9, 2015

5 ცნობილი გამონათგქვამის განხილვა

ყოველ გამოჩენილ და მოაზროვნე ადამიანს აქვს თავისი გამონათვქმი, რომელიც ერთისმხრივ სხვა ხალხისთვის დამრიგებლურ ფუნქიას ასრულებს, ხოლო მეორესმხრივ ამ ადამიანის ძირითად და უმნიშვნელოვანეს პრინციპებს უსვამს ხაზს, თან ვფიქრობ საკმაოდ გარკვევით. ასეთი ადამიანები ძირითადად არიან ცნობილი მწერლები, ბიზნესმენები და ფილოსოფოსები. ხალხის უმეტესობა ამ გამონათქვამის აზრს ხშირ შემთხვევაში არასწორად იგებს და ამის გამო რაღაც სისულელეს აყალიბებს მისი პიროვნული პრინციპებისა და ზნეობის გამოსახატად.
ხალხის დიდ ნაწილს ბევრი გამონათქვამი ამორალურად ეჩვენება მიუხედავად იმისა, რომ მათ ბოლომდე გააზრებული არ აქვთ ამ გამონათქვამის ნამდვილი აზრი. ასეთი გამონათქვამებიდან უპირველესად მახსენდება ყველასთვის კარგად ცნობილი გამონათქვამი „მიზანი ამართლებს საშუალებას“.  ნებისმიერი ადამიანი  ამ გამონათქვამზე იტყვის რომ მართლაც ყველანაირ მორალს ეწინააღმდეგება, იმიტომ რომ ხალხის უმეტესობა მას ასე შიფრავს-ნებისმიერი მიზნის მისაღწევად შეგვიძლია გავაკეთოთ ყველანაირი საშინელება, ყველაფერზე წავიდეთ.
თუ შევხედავთ პირველად, ვიფიქრებთ რომ მართლა ასე წერია. პრინციპში იქ არ არის დაკონკრეტებული არც მიზანი და არც საშუალება, ამით ის ამორალური მართლა ხდება. მაგრამ არასწორად ვფიქრობთ, ავტორს ამით უნდოდა ეთქვა, რომ ადამიანი მისი ცხოვრების მანძილზე დაისახავს უამრავ მიზანს, რათქმაუნდა ისინი ერთმანეთისგან მნიშვნელოვნებით განსხვავდებიან. თუ მიზანი ძალიან მნიშვნელოანია და პიროვნებას ის უღირს ყველაფრად, მაშინ მან ამ მიზნის მისაღწევად ყველანაირად უნდა იბრძოლოს.
ვფიქრობ ასეთი განმარტება ამ გამონათქვამს ამორალურად აღარ წარმოგვიჩენს. უნდა აღისინშნოს, რომ ჩემეულ დეფინიციაში ისიც მისათითებელია, რომ ხშირ შემთხვევაში ადამიანები მათ მიზნებს არასწორად ახარისხებენ, მათ არ ესმის ის, თუ რას გულისხმობს მიზნის მნიშვნელობა და მისი ღირებულება. სწორედ ასეთმა დამოკიდებულებამ გახადა ეს გამონათქვამი ამორალური შინაარსის მატარებლად.
შემდეგი გამონათქვამი რომელსაც ხალხის უმრავლესობა არასწორად, ცოტა არ იყოს და სათავისოდაც, იგებს ეს არის ტოლსტოის გამონათქვამი- „ყველაფერი მიდის მასთან, ვისაც ლოდინი შეუძლია“. ხალხს ეს გამონათვამი მოსწონს, ისინი ფიქრობენ, რომ გამონათქვამის მისხედვით ისინი: მოიცდიან, დაისვენებენ, არაფერს გააკეთებენ და ამ ლოდისნის ხარჯზე მიიღებენ ყველაფერს რაც სურთ. ვითომ ტოლსტოი, ფაქტობრივად ფილოსოფოსი მწერალი, ხალხს მიუთოთებდა და ეტყოდა ნურაფერს გააკეთებთ და ყველაფერს მიიღებთო? რაღაც მეეჭვება.
ის ამით გვეუბნება, ყველაფერს სჭირდება დრო, როგორც ხორბალს დათესვისთანავე ვერ მოიმკი, ასევეა შენი საქმეც. უნდა ბევრი იმუშავო, უნდა ელოდო როდის დაგიფასდება და თუ ლოდინი შეგიძლია, ამასთან მთლიანად საქმეში იქნები ჩაფლული, აუცილებლად დაგიფასდება. ეს ნიშნავს რომ თუ ადამიანმა დღეს საქმე გააკეთა და მაშინვე ვერ მიიღო სასურველი შედეგი, მან ამის გამო ამ საქმეზე ხელი არ უნდა ჩაიქნიოს, პირიქით გაათმაგებული მონდომებით უნდა იმუშავოს, უნდა ელოდოს და აუცილებლად მიაღწევს სასურველს. ანუ ეს გამონათქვამი პირიქით, საქმისკენ და მუშაობისკენ მიგვითითებს.

გამონათქვამი რომელიც გამახსენდა, ვფიქრობ საკმაოდ ჰგავს ტოლსტოის ამ გამონათქვამს. ეს გამონათქვამია ჩვენთვის, ყველასთვის საკმაოდ კარგად ცნობილი გამონათქვამი „ვინც ითმენს, ის იგებს“. საკმაოდ კარგი გამონათვამია, მაგრამ მაინც ვფიქრობ რომ რაღაც შესაცვლელია. შინაარსობრივად ის ნიშნავს, რომ თუ მოითმენ ყველაფერს, რაღაც პერიოდის შემდეგ მოგებული დარჩები. ამის მიხედვით ადამიანმა არა მხოლოდ ფიზიკური მუშაობა უნდა აიტანოს, ეს გულისხმობს რომ ბევრ დათმობაზეც უნდა წავიდეს, შეიძლება ბევრი დამცირებაც ითმინოს.
პრობლემა სწორედ ეს არის, დამცირების მოთმენა. თავიდან შეიძლება ადამიანისთვის ეს უბრალოდ დათმობა, არ აყოლა, უბრალო მოთმენა იყოს, მაგრამ რაღაც პერიოდში ეს უკვე ჩვევა ხდება. ასეთი ადამიანი მომავალში თავის პატივისცემას კარგავს, ეს ნიშნავს, რომ ფაქტობრივად კვდომას განიცდის. ადამიანი რომელიც ბევრ დამცირებას ითმეს, მომავალში აუცილებლად დაამცირებს და დაჩაგრავს სხვას, ის ტირანი გახდება.
ვინც ითმენს ის იგებს-ოღონდ მხოლოდ მაშინ თუ თმენა, ღირსების ფასად არ უჯდება.
შემდეგი გამონათქვამი, რომელიც მე გამახსენდა, რომელსაც არ ვეთანხმები და სრულ უაზრობად მიმაჩნია არის-„მთავარი მონაწილეობაა და არა შედეგი“.  ამ გამონათქვამზე პირადად მე მახსენდება ხალხის უიღბლო მასა რომელიც თავს იმშვიდებს და რაღაც მომენტში იმართლებს კიდეც, არაუშავს რომ წავაგე, რაც მთავარია ხომ ვიმონაწილევეო. არცერთ კონკურსში ადამიანი არ მიდის მონაწილეობის მისაღებად. მისი მიზანი ყოველთვის მოგებაა. ეს არ ეხება მხოლოდ რაიმე კონკურსს, ეს ყოველთვის ასე ხდება. ვფიქრობ, ეს გამონათქვამი სასოწარკვეთილი ადამიანის სიტყვებია.
ისიც უნდა აღინიშნოს რომ ამ გამონათქვამს, პირდაპირ თუ აზრობრივად მსგავსი სიტყვებით, ფართოდ იყენებენ მარკეტინგში. თქვენ არაფერს აგებთ, აქ არ არსებობენ დამარცხებულები, ყოველი თქვენგანი გამარჯვებულია რადგან მონაწილეობს. საკმაოდ კარგი სვლაა ხალხის მისაზიდად და მოსატყუებლად. რაც მთავარია ხალხიც კმაყოფილი რჩება, ასეა თუ ისე მაინც „გაიმარჯვეს“.
ეს გამონათქვამი იმ ხალხისთვისაა ვინც წაგებას დიდი ხანია შეეგუა. მოგიწოდებთ მათ ვინც მას იყენებს შეცვალოთ ფრაზით მთავარ გამარჯვებაა, მონაწილეობა ყველას შეუძლია.
ბოლოს კი მინდა ვისაუბრო ფრაზაზე. დიახ ფრაზაზე და არა გამონათქვამზე, რადგან ის არ არის გამონათქვამი, მაგრამ ვფიქრობ რომ საკმაოდ დიდი აზრის მარარებელია. ეს ფრაზა არის ერთერთი ჩემი უსაყვარლესი ფილმიდან. „სადაც უმაღლესი ფსონი სიყვარულია, იქ ნდობა არ არსებობს-სადაცმნდობა არ არის, იქ სიყვარული ვერ იარსებებს.“ სიყვარული, ეს ცნება ყოველთვის იგულისხმება როგორც უმნიშვნელოვანესი, ყველა სხვაზე მაღლა მდგარი. ეს ნიშნავს რომ ნამდვილი სიყვარული მართლაც, რომ ყოველთვის უმაღლესი ფსონია. ის ყოველთვის რთული მოსაპოვებელია და ვერ დათმობ. ამ ფრაზის მიხედვით ამ შემთხვევაში ნდობა იკარგება. უნდობლობა კი სიყვარულს უთხრის სამარეს.
ყველგან სიყვარული აყვანილია მწვერვალზე, მაგრამ აქ ნამდვილი სიყვარულის არსებობა ამოძირკვულია. ეს ფრაზა მას არ სცნობს. ამის მიხედვით თუ გიყვარს-ეჭვიანობ, არ ენდობი, მაგრამ თუ არ ენდობი არც გიყვარს. ნამდვილ სიყვარულს არ ახლავს უნდობლობა და ეჭვი, მაგრამ ამის გარეშე სიყვარულიც არ არსებობს. თუ სიყვარულზე ამ ფრაზის მიხედვით ვიმსჯელებთ, საბოლოოდ ვიტყვით რომ სიყვარული არ არსებულა, არსად, არასდროს.
პირადად მე ამის დაჯერება არ მინდა. არ ვფიქრობ რომ სიყვარულის არარსებობაში ეჭვის შეტანაც მართრბულია. უბრალოდ ფაქტია რომ სიყვარულსაც უნარი სჭირდება, ეს უნარი კი ბევრს არ გააჩნია. არასდროს თქვათ რომ სიყვარული არ არსებობს, რადგან ყველაფერი თქვენს გარშემო სიყვარულია. ეს ფრაზა მართლა ძალიან მიყვარს, მაგრამ რაღაც მომენტში არ ვეთანხმები, რადგან ის ბედნიერებას უარყობს.

მე განვიხილე ხუთი საკმაოდ ცნობილი ფრაზა და გამონათქვამი. ჩემი აზრი ამ გამონათქვამებზე გაჩვენეთ და ისინი გავშიფრე ჩემი გადმოსახედიდან. ვფიქრობ საკმაოდ კარგად გაჩვენეთ ჩემი აზრი მათ მიმართ და ჩემი შეხედულება მათი სათქმელის შესახებ. შეგიძლიათ არ დამეთანხმოთ, მაგრამ ამის შემდეგ გთხოვთ ჩაუღრმავდეთ ნებისმიერი ფრაზის ნამდვილ აზრს. დაფიქრდით რა არის მისი ნამდვილი მიზანი.

No comments:

Post a Comment